მთავარი > სიახლეები

აორტის სარქვლის რეკონსტრუქცია (Ozaki-ის ოპერაცია)

2016-06-28


381 ნახვა

   

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პირველად საქართველოში „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“-ს ქირურგიულ დეპარტამენტში პროფესორ ზვიად ბახუტაშვილის და მისი გუნდის მიერ იგეგმება აორტის სარქვლის დაავადებების -სტენოზისა და ნაკლოვანების, მკურნალობის ახალი ქირურგიული მეთოდის - აორტის სარქვლის რეკონსტრუქციის (Ozaki-ის ოპერაციის) დანერგვა. აღნიშნული მეთოდიკა ინოვაციურია მთელს მსოფლიოში და მისი განხორციელებისთვის „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმა“ შეიძინა დამატებითი ხელსაწყოები, მოახდინა კადრების გადამზადება. ამ მიზნით ცენტრის კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ზვიად ბახუტაშვილი სამსახურეობრივი ვიზიტით იმყოფებოდა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ამ მეთოდიკის ფუძემდებელთან პროფესორ შიგეიუკი ოზაკისთან (Shigeyuki Ozaki).

 

რა არის აორტის სარქვლის რეკონსტრუქცია ანუ Ozaki-ის ოპერაცია და რა უპირატესობები გააჩნია სხვა მეთოდებთან შედარებით?

 

ეს არის აორტის სარქვლის რეკონსტრუქციის ახალი ქირურგიული ტექნიკა, რომელიც შეიმუშავა და მოგვაწოდა ტოკიოს ტოჰოს უნივერსიტეტის პროფესორმა შიგეიუკი ოზაკიმ. მისი მეთოდიკით ხდება დაზიანებული და გადაგვარებული აორტის სარქვლის ამოჭრა და მისი ჩანაცვლება პაციენტის საკუთარი (აუტოლოგიური) პერიკარდიუმის ფურცლით.

აღნიშნული მეთოდიკის უპირატესობას წარმოადგენს:

 

მექანიკური სარქვლებთან შედარებით არ საჭიროებს სისხლის გამათხელებლების დანიშვნას (როგორიცაა ვარფარინი);

ბიოლოგიურ სარქვლებთან შედარებით ჰემოდინამიკური მახასიათებელბი, უკეთესი შორეული შედეგები, რადგანაც თითქმის შენარჩუნებულია აორტის სარქვლის ბუნებრივი სტრუქტურა და შესაბამისად ჰემოდინამიკური პარამეტრები.

 

ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულმა ქირურგიულმა ტექნიკამ - Ozaki-ის ოპერაციამ, დიდი აღიარება და პოპულარობა მოიპოვა მთელს მსოფლიოში.

 

2009 წელს, როდესაც მან პირველად წარადგინა აორტის სარქვლის რეკონსტრუქციის ახალი ტექნიკა, პროფესორი ოზაკი დასახელდა "სუპერ ექიმ"-ად - მაღალი ბიოთავსებადობის, ნაკლები ფინანსური დანახარჯებისა და საუკეთესო შედეგების მიღწევისთვის.

აღნიშნული წარმატების შედეგად მოხდა Ozaki-ის ოპერაციის სისტემატიზაცია და კომერციალიზაცია:

 

შემუშავდა და წარმოებაში ჩაეშვა აორტის სარქვლის კარედების საზომი მოწყობილობები.

2014 წლის 28 მარტს იაპონიაში წამლისა და სამედიცინო აპარატურის სააგენტომ (PMDA), ხოლო 2014 წლის 01 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) აღნიშნული მოწყობილობები დაამტკიცა Class I დონის მოწყობილობად.

პროფესორი ოზაკი აქტიურად აწარმოებს ლექციებსა და სემინარებს აორტის სარქვლის რეკონსტრუქციის ახალი - Ozaki-ის ოპერაციის დანერგვისთვის მთელს მსოფლიოში.

 აორტის სარქვლის რეკონსტრუქცია - ოზაკის ოპერაცია ყალიბდება აორტის სარქვლის დაავადებების - სტენოზისა და ნაკლოვანების ქირურგიული მკურნალობის მსოფლიო სტანდარტად.

სიახლეები

პარტნიორები